დებატებისათვის თავის არიდება მუდამ წამგებიანია, ამით კალაძემ ელისაშვილს ზედმეტი კოზირი მისცა

დებატებისათვის თავის არიდება მუდამ წამგებიანია, ამით კალაძემ ელისაშვილს ზედმეტი კოზირი მისცა

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დებატებს თავს არიდებს. მისი უარი ელისაშვილის გამოწვევაზე, ცინცაძის აზრით, სწორედ ამის დასტურია და კალაძე ნებისმიერი სხვა კანდიდატის გამოწვევას იგივენაირად უპასუხებდა.

როგორც ცინცაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში ვარდება, როცა დებატებში ოპოზიციის წარმომადგენელთან ჯდება. ოპოზიციის კანდიდატი წინასწარვე მომგებიან პოზიციაშია, რადგან მის სახელთან არაა დაკავშირებული შეუსრულებელი დაპირებები, სიღარიბე და ა.შ. შესაბამისად, მას ბრალდებების წაყენება და შეტევა თამამად შეუძლია.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, საქართველოში დებატების კულტურა არ არის.

„გამიკვირდა, როცა კალაძემ თქვა, რომ არ ესმის რატომ უნდა დაუჯდეს დებატებში ელისაშვილთან. იმ გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, რაც ტარდება, ყველაზე ახლოს კალაძესთან ელისაშვილი დგას. მაშინ კალაძეს უნდა ეთქვა, რომ ელისაშვილთან არა, მაგრამ უდუმაშვილთან, ან ხოშტარიასთან დაჯდება. დებატებისათვის თავის არიდება კი მუდამ წამგებიანია. მეორე ტური თუ დაინიშნა და იქ ელისაშვილი გავიდა, მაშინ უარის თქმის რაღა არგუმენტი ექნება? ჯობდა დამჯდარიყო, რადგან ამით ელისაშვილს ზედმეტი კოზირი მისცა,“ - აცხადებს ცინცაძე.

რაც შეეხება კალაძის უარის მიზეზებს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ მას ნარმანიას ქმედებებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რაც მას უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებს.

„კალაძე რთულ მდგომარეობაში ნარმანიამ ჩააყენა. რა ქნას, ადამიანურად მე მისი მესმის - შინაგანად აბსოლუტურად უკმაყოფილოა ნარმანიას მერობით, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება ნარმანიათი კმაყოფილი იყოს. თუმცა, ამავდროულად, ნარმანია გუნდის წევრია და ყოველთვის, როცა კალაძეს მის მმართველობაზე ეკითხებიან, დიპლომატიურ პასუხს იძლევა - დათოს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგოო. რამდენჯერღა უნდა მიუთითონ მძიმე მემკვიდრეობაზე?

ვერ ამბობს, რომ ნარმანია ცუდი მერი იყო, რადგან ოპოზიცია ჩასაფრებულია და ელოდება როდის წამოცდება ნარმანიას კრიტიკა. ნარმანია ხომ „ანტიმერი“ იყო. მის თითო დარგულ ხეზე 50 გამხმარი და მოჭრილი ხე მოდის. რა უნდა ჩაითვალოს მის აქტივში? არაფერი გაუკეთებია, ყველაფერი კალაძეს დაუტოვა გასაკეთებლად.

ასე რომ, კალაძე კი არა, ქრისტე რომ ჩამოიყვანოთ, ის ვერ გაამართლებს ნარმანიას მერობას. ისიც კი იძულებული იქნება თქვას, რომ ცუდი მერი იყო. თუმცა, ნარმანია ხომ პერსონიფიცირებული არაა - როცა აკრიტიკებ ნარმანიას, გულისხმობ „ოცნებას“. ასე რომ, კალაძეს ძალიან მძიმე საწყისი პოზიცია აქვს და ამას ნარმანიას უნდა „უმადლოდეს“, -განაცხადა ცინცაძემ.

ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში უკვე ორჯერ გამოიწვია. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს,თუკი კალაძე ტელედებატებს დათანხმდება, ის მზადაა ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” კანდიდატს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. თუმცა, კალაძემ გამოწვევის პასუხად განაცხადა, რომ ელისაშვილი მისი მთავარი კონკურენტი არაა.