ჩემი ღრმა რწმენით, არსებობს კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსავლის ფორმულა, არსებობს საკითხები, რომელზე შეჯერებაც შესაძლებელია

ჩემი ღრმა რწმენით, არსებობს კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსავლის ფორმულა, არსებობს საკითხები, რომელზე შეჯერებაც შესაძლებელია

ჩემი ღრმა რწმენით, არსებობს კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსავლის ფორმულა, არსებობს საკითხები, რომელზე შეჯერებაც შესაძლებელია, არსებობს ვერსია პრეზიდენტის ვეტოსი, რომლის გაზიარება უმრავლესობას შეუძლია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, ოპოზიციასთან, პრეზიდენტის და უმრავლესობის წარმომადგენლებთან, აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა 5- პუნქტიანი პაკეტი, რომელიც, მისი განმარტებით, შეიძლება იყოს “გამოსავლის ფორმულა”.

უსუფაშვილის განცხადებით, ესენია:

1. საარჩევნო ბლოკების დაშვება, რომელზეც უმრავლესობა თანხმობას აცხადებს და პრეზიდენტს სთავაზობს, გაიზიაროს თავის ვეტოში;

2. ბონუსის გაუქმება პროპორციულ სისტემაში 2024 წლიდან - ამაზეც მზაობას გამოთქვამს უმრავლესობა;

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება, ოღონდ გარკვეული მოდიფიკაციით - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავდივართ. ანუ საბჭოს თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატის საქმოანიბას გაუძღვება პრემიერ მინისტრი - აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მისი ადმინისტრაცია;

4. არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნებზე გადავიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩეული პარლამენტი დაადასტურებს დღევანდელი პატლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას;

5. მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის შემოფარგვლა პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე ზოგადი მითითებით, ხოლო სისტემის სხვადასხვა ვარიანტზე დიალოგის გაგრძელება საარჩევნო კოდექსის დონეზე.

დავით უსუფაშვილის თქმით, ინიციატივა მიეწოდა ვენეციის კომისიას, რომელმაც მთლიანად გაიზიარა იგი და საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა.

“ვენეციის კომისიის აზრით, ეს არის კონსტიტუციურ პროცესში კონსენსუსის მიღწევის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ფორმულა და იგი მხარეებს მოუწოდებს ამ საკითხზე შეთანხმებისკენ. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს მსჯელობა ვენეციის კომისიაში”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.