Forbes: საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატებაში  ყველაზე დიდ როლს  მეღვინეობის კულტურა  ასრულებს

Forbes: საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატებაში ყველაზე დიდ როლს მეღვინეობის კულტურა ასრულებს

„საქართველოს ტურისტული სტრატეგიის პირველი ნაყოფი“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Forbes.

“საქართველო ტურიზმის ინდუსტრიას სერიოზულად, ძალიან სერიოზულად ეკიდება. შეგიძლიათ, ჯასპერ ბლექს ჰკითხოთ. როდესაც ჰოლანდიელი ტურისტი 2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და ქვეყნის მეექვსმილიონე სტუმარი გახდა, ის მერსედესის ტიპის ავტომანქანით წითელი ხალიჩის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა და ვახშამი ელოდა. სააგენტომ, რომელიც ქვეყნის ამ მიღწევის აღსანიშნავ კამპანიაზე აგებდა პასუხს, ქართველებისათვის სპეციალური ვებგვერდიც კი გააკეთა, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ, ხმა მიეცათ იმ ეროვნული კერძისათვის - იქნებოდა ეს ხინკალი თუ შქმერული, რომელიც, მათი აზრით, ექვსმემილიონე სტუმრისათვის გაშლილ სუფრაზე უნდა ყოფილიყო“,-წერს გამოცემა.

Forbes აღნიშნავს ,რომ 2011 წელს 2.8 მილიონი ტურისტიდან 2016 წელს 6 მილიონ სტუმრამდე ნახტომი ევროპას, რუსეთსა და ცენტრალურ აღმოსავლეთს შორის მოქცეული ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. „მოულოდნელად, ის ხვდება, რომ ყველა ტურისტისათვის შესამჩნევი გახდა. 2015 წელს, საქართველო New York Times-ის მიერ დასახელებულ 52 აუცილებლად სანახავ ადგილს შორის 25-ე ადგილს იკავებდა. ამოქმედდა ახალი რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და წელს საქართველო Conde Nast Traveler’s-ის მიერ მეღვინეობის კუთხით აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში აღმოჩდა.

ეს მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წასახალისებლად გადადგმული ყველა ნაბიჯისა და ინვესტიციების კულმინაციას წარმოადგენს - სწორედ ეს სექტორი უნდა გახდეს მისი გლობალური ეკონომიკური პოზიციების გამყარების მდგრადი საწინდარი. 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, შექმნა ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ტურისტების მოზიდვას ისახავდა მიზნად“.- ნათქვამია სტატიაში.

Forbes წერს, რომ საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარეობისა და სითბოს სინონიმი, სადაც სტუმრები “ღმერთის საჩუქრად” მიიჩნევიან.

„საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ მთავარი ტურისტული მიმართულება გახდეს - UNESCO-ს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ადგილები, მთიანი სოფლები მონასტრებით, რომლებიც შუა საუკუნეებში აშენდა და სახელგანთქმული სამზარეულო. თუმცა ტურისტული ინდუსტრიის ყველა სხვა ელემენტზე მეტად, საქართველოს წარმატებაში ყველაზე დიდ როლს მისი მეღვინეობის კულტურა  ასრულებს. ქართული მეღვინეობის გამორჩეული ტრადიცია 8000 წლით თარიღდება, გორაკებზე შეფენილი ნახატის მსგავსი ქალაქები კი იტალიურ ტოსკანას მოგვაგონებს და ვაზის ასობით ადგილობრივი ჯიშის სამშობლოა“,-აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა მოგვითხრობს კახეთის რეგიონში, ღინის ქვევრში დაყენების ტრადიციაზე და წერს, რომ ქვევრის მეთოდი დიდ პოპულარობას იძენს იმ მეღვინეებს შორის, რომლებიც ღვინის დაყენების ნატურალურ და ორგანულ მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას.

,,გლეხის ცრემლებში“ - რესტორანსა და ვენახში, რომელიც ამერიკელი ჯონ ვანდერმანისა და მისი ქართველი ცოლის, ქეთევანის მიერაა დაფუძნებული, უნიკალური არომატისა და ხარისხის ღვინის დასაყენებლად, მხოლოდ ბუნებრივი საფუარი  გამოიყენება.

მათი ღვინოები დანიის განთქმული რესტორნის Noma-ს მენიუშიცაა და წყვილი, რომელსაც შვიდი ვენახი აქვს, სასტუმროს, ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ადგილის, ასევე ლუდისა და სიდრის გამოსახდელი საწარმოს გახსნას აპირებს. კითხვაზე, თუ როგორ შეურჩიეს რესტორანს სახელი, ვანდერმანი გვპასუხობს, “ქართული თქმულების თანახმად, მხოლოდ საუკეთესო ღვინოს შეუძლია, გლეხი აატიროს.”

ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებულ პოზიტიურ განწყობას ხაზს ისიც უსვამს, რომ ბევრი ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც უცხოთში აქვს განათლება მიღებული, სახლში ბრუნდება და ბიზნესის სხვადასხვა სექტორისა თუ ტურისტული სტარტაპების ამუშავებაში იღებს მონაწილეობას. ნინო ტურაშვილი, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობს, ახალგაზრდა და მოქნილი პროფესიონალის ნამდვილი სახეა - ის დაბრუნდა ცოდნით და მზად აქვს თეორია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ტურისტულ სექტორზე. “სტუმართმოყვარეობის კულტურა საქართველოს განუყოფელი მახასიათებელია”, - აღნიშნავს ის. “თუმცა ჩვენ ადგილობრივ მცირე მეწარმეებს ტურიზმის თანამედროვე ინდუსტრიის სტანდარტები უნდა ვასწავლოთ და ამავე დროს, გულუხვობისა და სტუმართმოყვარეობის ქართული თვითმყოფადი სული შევინარჩუნოთ.”

Forbes წერს ასევე მცირე მეწარმე გიორგი ხუციშვილზე. იგი მედიცინას საზღვარგარეთ სწავლობდა სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა და ოჯახური ბიზნესის მოდერნიზების პროცესში ჩაერთვებოდა, ხშირად ეძებენ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე პოპულარიზაციისათვის იქნებიან მზად.

ამის მაგალითია ხუციშვილი, რომელიც მსოფლიოს აცნობს ჩურჩხელას - ქართულ დელიკატესს,  რომელიც ნიგვზის ძაფზე აცმისა და ღვინის, სანელებლებისა და ფქვილის ნაზავში რამდენჯერმე ამოვლების გზით მზადდება. თითოეული ფენა მზეზე შრება, სანამ არ მიიღება ღეჭვადი ტკბილეული, რომელიც სოსისს მოგვაგონებს.

ჩურჩხელა დიდი ხანია, რაც ქართველების საყვარელი ნუგბარია, თუმცა ხუციშვილის პროდუქციაზე მოთხოვნა საზღვარგარეთაც მატულობს. ჩურჩხელა ევროპულ თუ ამერიკულ ბაზრებსა და ამაზონზე იყიდება.

ერთ-ერთ სამოგზაურო ფორუმზე საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის ინდუსტრიის დარგში თავისი ამბიციური გეგმები  გამოაცხადა: მომავალ ორ წელიწადში 25 სასტუმროს აშენება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, შავი ზღვის სანაპიროზე, ადგილობრივებთან ოჯახური ტიპის სასტუმროების განვითარების მიზნით თანამშრომლობა და ტურისტული სტანდარტების ამაღლება. საქართველოს საბოლოო მიზანია 2025 წლისათვის ტურისტული სექტორიდან 6.6 მილიარდი აშშ დოლარის მიღება.

ტურისტული სტრატეგია, ნაწილობრივ, Google-სა და სხვადასხვა სამოგზაურო ვებგვერდებთან, მათ შორის,  Tripadvisor-სა და Expedia-სთან სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორობას ეფუძნება, მეორე მხრივ, გამომდინარეობს ინოვაციური სატელევიზიო და ინტერნეტკამპანიებიდან, რომელთა შორის, ექვსმემილიონე ტურისტის, ჯესპერ ბლექის ჩამოსვლის ამსახველი კადრებიცაა.

რაც შეეხება ბლექს, ის საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა. როგორც ჩანს, ერთი კვირა უბრალოდ არ იყო საკმარისი. მან მოგვითხრო, რომ სამოგზაუროდ დარჩა და მოულოდნელად Dancing With The Stars Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. როდესაც ბლექი პირველად ჩამოვიდა თბილისში, მას უზარმაზარი ბილბორდები დაახვედრეს საკუთარი გამოსახულებითა და წარწერით “ის ჩამოვიდა”. როგორც ჩანს, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, როცა საქმე ტურიზმის სტრატეგიას ეხება“,- ნათქვამია სტატიაში.

https://www.forbes.com/sites/stephanrabimov/2017/10/03/georgias-tourism-strategy-is-starting-to-pay-off/#6a326bcf3316