კატალონიის კრიზისის სამი სავარაუდო სცენარი

კატალონიის კრიზისის სამი სავარაუდო სცენარი

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის სამრეწველო რეგიონის, კატალონიის, ლიდერები აცხადებენ, რომ რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა, რომელსაც ცენტრალური მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს, აცხადებს, რომ ეს რეფერნდუმი არაკონსტიტუციურია და არ გამოხატავს მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას. რეგიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, კატალონიის ე.წ. დამოუკიდებლობას 90-მა პროცენტმა მისცა ხმა, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 5 მილიონ 340 ათასი ამომრჩევლიდან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 2 მილიონ 260 ათასმა.

ამ ვითარებაში რა სცენარით განვითარდება მოვლენები? - როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ანალიტიკოსების აზრით, კრიზისი შესაძლოა სამი სხვადასხვა ფორმით წარიმართოს - დაძაბულობა, მოლაპარაკება, ან სასამართლო.

თუ კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, უერთგულებს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების პირობას, ეს, სავარაუდოდ, ცენტრალურ მთავრობას უბიძგებს მოქმედებაში მოიყვანოს ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიას ავტონომიის სტატუსს მოუხსნის და მას პირდაპირ მადრიდს დაუქვემდებარებს. ამ მუხლის ამოქმედება კატალონიაში ვადამდელ არჩევნებსაც გამოიწვევს.

მეორე ვარიანტის შემთხვევაში თუ კატალონიის პარლამენტი დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე უარს იტყვის, ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ შესაძლოა პუჩდემონთან მოლაპარაკება გამართოს და რეგიონისთვის ახალი მოდელი შემუშავდეს - უფრო ხელსაყრელი საგადასახადო სისტემითა და უფრო მეტი ფისკალური ავტონომიით. საინტერესოა ისიც, რომ პუჩდემონს ცალმხრივად ჯერ არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა - ამის ნაცვლად, მან განსჯისთვის დრო ითხოვა, რაც მოლაპარაკების სცენარს თეორიულად შესაძლებელს ხდის.

და ბოლოს, თუ კატალონიელები დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებენ, მაგრამ არც მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან რახოისთან ერთად,მადრიდმა შესაძლოა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცეს.

კატალონიის ლიდერების წინააღმდეგ კანონიერი და ფინანსური ნაბიჯები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს დაპირისპირებას და მეტ საპროტესტო გამოსვლებს გამოიწვევს, რაც ლიდერებს ორივე მხარეს ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენებს.