კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე - ჩემი დაკავება ბარბაროსული ნაბიჯი იქნება

კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე - ჩემი დაკავება ბარბაროსული ნაბიჯი იქნება

კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ უკანონოდ ცნობილი რეფერენდუმის ორგანიზების გამო დაპატიმრების არ ეშინია. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

„პირადად მე ამის არ მეშინია“, - განუცხადა პუჩდემონმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“ შესაძლო დაკავების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ.

„ესპანეთის მთავრობის ქმედებები მე უკვე აღარ მაკვირვებს. ჩემი დაკავება გამორიცხული არ არის და ეს ბარბაროსული ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა მან.

ჯერჯერობით არც ესპანეთის მთავრობას და არც სასამართლო ხელისუფლებას პუჩდემონის დაკავებაზე არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოფიციალური მადრიდი მას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაში ადანაშაულებს.

კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის დღეს პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავდა 893 ადამიანი.

კარლეს პუჩდემონის თქმით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას კატალონია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.