გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო საკითხებზე სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრის ზუსტი დრო და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, თავის მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და ბონუს სისტემის გაუქმება. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს აგრძელებს როგორც ოპოზიციათან, ისე საპარლამენტო უმრავლესობასთან.