ევროპარლამენტმა კატალონიის რეფერენდუმი და ესპანური პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა

ევროპარლამენტმა კატალონიის რეფერენდუმი და ესპანური პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა

ევროპარლამენტში კატალონიის რეფერენდუმის და ესპანეთში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს. ყველა გამომსვლელმა განაცხადა, რომ ჩატარებული რეფერენდუმი უკანონო იყო. დეპუტატებმა ასევე ოფიციალური მადრიდი ძალის გადამეტებისთვის გააკრიტიკეს.

ევროკომისიის ვიცე-თავმჯდომარე ფრანს ტიმერმანსმა ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტში კონსერვატიული „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე მანფრედ ვებერმა კი აღნიშნა, რომ თუ კატალონია ესპანეთის შემადგენლობას დატოვებს, ის ევროკავშირს და მის შიდა ბაზარსაც დაემშვიდობება.

ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის თავმჯდომარე გი ვერჰოფსტადტმა მხარეებს ვითარების ესკალაციის შეჩერებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ესპანეთის საზოგადოებას "ფატალური გაყოფა“ უწინასწარმეტყველა.

კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის დღეს პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავდა 893 ადამიანი.

კარლეს პუჩდემონის თქმით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას კატალონია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.