მუხთარლის გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო

მუხთარლის გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო

მუხთარლის გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, ვინაიდან აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო, - ამის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში არლემ დეზირმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას შეხვდა.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, მან ხელისუფლებას მოუწოდა, გამჭირვალედ წარმართოს გამოძიება.

ვიზიტის ფარგლებში არლემ დეზირმა მედიის კუთხით საქართველოში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა ინტერნეტთან წვდომის და თავისუფლად გამოყენების ნაწილში, თუმცა გამოთქვა კრიტიკა “რუსთავი 2”-ის და აფგან მუხთარლის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

ვიზიტისას დეზირი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო მედიის თავისუფლება საქართველოში და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები.

დეზირის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესი, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, რათა რისკის ქვეშ არ მოექცეს მისი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და განსხვავებული აზრის წარმოჩენა.“

ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში რეგულარულად აფასებს და აღწერს ორგანიზაციის 57 წევრ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს მედიის კუთხით.