ორმაგად სასიხარულოა, რომ იტალიურ კომპანიებს საქართველოში კულტურა შემოუძღვა

ორმაგად სასიხარულოა, რომ იტალიურ კომპანიებს საქართველოში კულტურა შემოუძღვა

მე ძალიან მიხარია იმ ბავშვებისა და სტუდენტების სახელით, ვისაც ექნება საშუალება მოვიდეს და ამ დიდ კულტურას ეზიაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნულ გალერეაში გამოფენის გახსნისას განაცხადა. გამოფენა ბოტიჩელის ორიგინალ "ვენერასა" და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციას წარადგენს. პრემიერმა საქართველო-იტალიის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა. 

"პროექტი იმართება Check in Georgia-ს ფარგლებში. მე ძალიან მიხარია იმ ბავშვებისა და სტუდენტების სახელით, ვისაც ექნება საშუალება მოვიდეს და ამ დიდ კულტურას ეზიაროს. რამდენიმე თვის წინ იყო ჩემი ოფიციალური ვიზიტი იტალიაში და პრემიერთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენ მაქსიმალურად გადავდგამდით ნაბიჯებს ორი ქვეყნის კულტურული დაახლოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. ორმაგად სასიხარულოა, რომ იტალიურ კომპანიებს საქართველოში კულტურა შემოუძღვა. პარალელურად, თბილისში იმართება ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი, რომელიც უპრეცედენტოა და მასში იტალიის ყველაზე მსხვილი 35 კომპანია მონაწილეობს. საქართველოში ნოემბერში გაიმართება ახალი აბრეშუმის გზის ფორუმი "ერთი სარტყელი, ერთი გზა" და ჩვენ საშუალება გვექნება, ამ გამოფენამ უმასპინძლოს ძალიან ფართო საერთაშორისო აუდიტორიას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.