საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს

საქართველოს საგარეო უწყება სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი სირიის დელეგაციის სახალხო საბჭოს წევრების ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ”ვიზიტს”.

”რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, მისი საოკუპაციო რეჟიმებისა და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობის ლეგიტიმაციას, და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონებას. ხსენებული ვიზიტი სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს. საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით.

როგორც ხსენებული ე.წ. ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში ”ვიზიტისას” შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან”,- აცხადებენ საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტში.

სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. სააგენტო „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილებოდა.