ჩვენ მაინც განვახორციელებთ დაგეგმილ ცვლილებებს კონსტიტუციაში, თუმცა პრეზიდენტის პრაგმატული დამოკიდებულების შემთხვევაში, ეს შესაძლებელი გახდება მიმდინარე თვესვე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა.
'მე გამოვთქვამ იმედს, რომ პრეზიდენტი მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას; იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მხარდაჭერილია ვენეციის კომისიის დასკვნითაც, რომელსაც ჩვენც გავითვალისწინებთ ვეტოს შემთხვევაში. ეს იქნება კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ჩვენ გვქონდა ბლოკებთან და ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პრაგმატული დამოკიდებულების შემთხვევაში ამ ცვლილებების ასახვა კონსტიტუციაში შესაძლებელი იქნება მიმდინარე თვესვე. თუ ეს ასე არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაინც განვახორციელებთ ამ ცვლილებებს, უბრალოდ ამას დასჭირდება დრო და ეს ცვლილებები განხორციელდება საგაზაფხულო სესიაზე",- განაცხადა კახიანმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრას, კახიანის ინფორმაციით, მმართველი გუნდი მასზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერით და უმრავლეოსბაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებით იქნება წარმოდგენილი.