ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება რომ დაცულია, ეს არავისთვის არის ახალი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია თბილისის მერიის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ბესელიას თქმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა წესების დარღვევას, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს.
“ჩვენს უფლებებს შეუზღუდავი სახე არ აქვს და გარკვეულ უფლებებთან ერთად, გვაქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა დავიცვათ. გუშინ, ცალკეული პირების მხრიდან აშკარად ადგილი ჰქონდა დადგენილი წესების დარღვევას. ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანდა და შედეგებშიც. რაც კადრებში გამოჩნდა, ძალიან სამარცხვინო იყო, როცა დანგრეული იყო ის ადგილები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იყო მოწყობილი. არც პარლამენტის წევრს და არც ყოფილ წევრს არ აქვს განუსაზღვრელი უფლებები. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები. წესების დაცვით ყველა სურვილის რეალიზება შეიძლება მოხდეს, მაგრამ როცა ვხედავთ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელს როგორ ურტყამს, ეს კადრი არაფერს ამართლებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.