საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრაზე მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. „ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვართ. შეხვედრა შედგება, რაც ძალიან კარგია. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრაზე წასვლას აპირებენ.

„თუკი მზადყოფნა არსებობს „ქართული ოცნების“ მხრიდან და ასეთივე მზადყოფნა გააჩნია პრეზიდენტს, ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ყოველთვის კარგია როდესაც მოლაპარაკებები მაგიდასთან მიდის და პოზიციები ასეთ ფორმატში თანხმდება.

„ყოველთვის მომხრე ვარ პირდაპირი დიალოგის. ყოველთვის ჯობია საკითხები მაგიდასთან გადაწყდეს, ვიდრე იყოს საჯარო სივრცეში ერთმანეთის კრიტიკა. ყოველთვის კარგია მოლაპარაკებები მაგიდასთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრები ჯერ ვერ აკონკრეტებენ რა ფორმატში შედგება პრეზიდენტთან შეხვედრა და ვინ დაესწრება უმრავლესობის მხრიდან შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.