აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

 აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი - „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" - ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარუდგინა დეპუტატებს. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის" ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავება. „კანონპროექტი გადამუშავდა მითითებული რეგულაციის მიხედვით და ითვალისწინებს საქართველოში დაცული ყველა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მფლობელების უფლებების დაცვას, აღნიშნული უფლებების დარღვევით წარმოებული და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებით", -განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა. მისი თქმით, ფართოვდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელების უფლებების დაცვის არეალი და აღნიშნული მოიცავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებას, სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებას. კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად სიახლეს წარმოადგენს: რეგისტრაციამდე მისივე განცხადებით, საქონლის შეჩერება და ასეთი საქონლისადმი სპეციალური სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებების გამოყენება.

კომიტეტის თავმჯდომარეს, ოთარ დანელიას მიაჩნია, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადებია გადასახედი, რადგან შესაძლოა ტვირთები გზაში იყოს.

კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის

განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასთან, სურსათის, ასევე, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 182 მუხლს დაემატა ნაწილები, რომლის თანახმად განისაზღვრა დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში ბიზნესოპერატორის და სააგენტოს ვალდებულებები მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღკვეთისა და ბაზარზე განთავსებულის გამოთხოვის შესახებ, თუ აღნიშნული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებულია, ფალსიფიცირებულია, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი. ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო ხდება ბიზნესოპერატორისათვის.

მომხსენებელმა  დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ოთარ  დანელია დაინტერესდა ვადებით, გათვალისწინებულია თუ არა მეწარმეების მზაობა კანონპროექტში განსახორციელებელი ცვლილებების მიმართ.  ნოდარ კერესელიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ახალი მომზადებული, სწორედ ამიტომ ვადები შემჭიდროებულად გამოჩნდა. „ჩვენი შემოთავაზებაა, გადავწიოთ ამოქმედების ვადები 2018 წლის 1 ივლისამდე, რათა ბიზნეს ოპერატორებსა და სააგენტოებს ჰქონდეთ ადაპტაციის და მომზადების შესაძლებლობა", -აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია რისკ ფაქტორები, რომელსაც კომიტეტის წევრები კანონპროექტთან მიმართებაში ხედავენ. „არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეს, შესაძლოა,  მეწარმეებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ  და   სანამ ლაბორატორიები დაამტკიცებენ, ვარგა თუ არა ესა თუ ის პრეპარატი, შესაძლოა დიდი ზარალი მიიღოს ნებისმიერმა ტრეიდერმა. ამიტომ ამ ნაწილში გადავაზღვიოთ მაქსიმალურად",- განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღესვე განიხილეს ა(ა)იპ „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების" მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ჯიბუტმა გააცნო დეპუტატებს.  მისი თქმით,  საკანონმდებლო წინადადება არეგულირებს ურთიერთობებს საქართველოში სასურსათო და კვების უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. „მასში მოცემულია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები სასურსათო უსაფრთხოების სფეროში; სტიმულირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ადგილობრივი წარმოება. კანონპროექტი უზრუნველყოფს სურსათის ხარისხის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.   დოკუმენტში გათვალისწინებულია სასურსათო მარაგების შექმნა, ასევე, უსაფრთხოების ინფორმაციის შეკრება და ანალიზი", -განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას. მიზეზად კომიტეტის თავმჯდომარემ დაასახელა ის, რომ პარლამენტი არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა. მისი თქმით, ეს არის მთავრობის პრეროგატივა, თუმცა საკანონმდებლო წინადადების ინიციატორს აღნიშნულ საკითხებზე ერთად მსჯელობა შესთავაზა.