ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ახალმა ნაბიჯმა კონსტიტუციაში შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს სიტყვის თავისუფლების სივრცე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ახალმა ნაბიჯმა კონსტიტუციაში შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს სიტყვის თავისუფლების სივრცე

საქართველოში ვიზიტი და დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები და ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, - განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა.

„დღეს გამართული დისკუსიების შემდეგ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გააძლიერებს მედიის დამოუკიდებლობას, ინფორმაციაზე და ინტერნეტზე თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს, რაც აღიარებული იქნება, როგორც ძირითადი უფლება და ასევე გააძლიერებს მედიის პლურალიზმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოსთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას ის, რომ ნებისმიერმა ახალმა ნაბიჯმა კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს კიდეც სიტყვის თავისუფლების ეს სივრცე და თავისუფალი მედიის გარემო. ჩვენ ასევე განვიხილეთ მაუწყებლობის შესახებ კანონი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალეობა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ დავაკვირდებით აღნიშნული კანონმდებლობის განვითარებას“, - აღნიშნა არლემ დეზირმა.

ის ასევე შეეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს.

„ჩვენ ყველანი ველოდებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ჩვენთვის ეუთო-ში მნიშვნელოვანია სარედაქციო გუნდისა და ხაზის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ვფიქრობ, ამ პრინციპის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო მაუწყებლობებში. საჭიროა პლურალისტური სატელევიზიო პეიზაჟის ქონა და რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს“, - დასძინა მან.