კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო

კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო

კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო, რომელსაც პროფკავშირები ატარებენ. ამის შესახებ გამოცემა El Pais იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, გაფიცვის გამო მეტრო, ავტობუსები და რკინიგზა მგზავრებს მინიმალური სიხშირით, მხოლოდ „პიკის საათებში“ (6:30-9:30 და 17:00-20:00) მოემსახურება.

დღეს დილით ბარსელონასა და რეუსში ათასობით ადამიანი პოლიციის განყოფილებებთან მივიდა და რეფერენდუმის დროს სამართალდამცველების მოქმედებები გააპროტესტა.

გარდა ამისა, გაფიცვის ფარგლებში კატალონიელებმა გზების ბლოკირება დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, დაბლოკილია 12 გზა.

კატალონიაში რეფერენდუმი ორი დღის წინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავებულია 893 ადამიანი.