ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

„2011 წლის 7 ოქტომბრის „საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილ-შეთანხმება" ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, რომელიც რატიფიცირებისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, ფრანგულმა მხარემ აიღო ვალდებულება საქართველოს გრანტის სახით 700 000 ევრო, მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავებისა და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, ხოლო შეღავათიანი სესხი, 18 000 000 ევროს ოდენობით, მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად გამოუყოს. მომხსენებლის ინფორმაციით, სესხის ხანგრძლივობა 20 წელია, აქედან 6 წელი შეღავათიანი პერიოდია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი 1,1% -ს შეადგენს.

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად ხდება, ფრანგ მომწოდებელსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევა.

კომიტეტების წევრებმა პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

პროექტის მიზანია, კანონის საფუძველზე დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შექმნა.

კანონპროექტი სხდომაზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ წარადგინა. კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა. ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებების გადასინჯვა დაევალება.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის საბჭო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იქმნება. ცვლილების შედეგად, საბჭო სააგენტოში აღარ შეიქმნება და კანონშივე განმტკიცდება მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი. ამასთან, თავად კანონი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით, საიდანაც 3 იქნება სააგენტოს წარმომადგენელი, ხოლო დარჩენილი 3 – არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის წარმომადგენელი. საბჭოს თავმჯდომარეობას გაუწევს სააგენტოს თავმჯდომარე.

ამავდროულად, თუკი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იქნება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრების ტოლი ან მათზე მეტი საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შევლენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის თითო-თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომელსაც საბჭოს წევრები ერთი წლის ვადით აირჩევენ.

შემოთავაზებული რედაქციით, სააგენტოს არ ექნება უფლება, ჩაერიოს საბჭოს წევრებად არჩევის პროცესში, გარდა ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფისა.

წარმოდგენილი კანონპროექტით, სისტემურად იხვეწება კანონში შემსყიდველი ორგანიზაციის, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების, ქმედების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ნორმები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც, კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს.​