პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ წინა კვირაში განხორციელებული ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

კითხვაზე, დაძლევს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მდინარაძე აცხადებს, რომ „გააჩნია ვეტოს საკითხებს“.

„მე ვფიქრობ, ვეტოს საკითხები ისეთი იქნება პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წინა კვირაში განხორციელებული ქმედებებიდან და განცხადებებიდან, რომ ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა. ხოლო თუ პრეზიდენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის ის ორი რეკომენდაცია, რომელიც, მათი აზრით, კიდევ უფრო პოზიტიურს გახდის საკონსტიტუციო რეფორმას, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეტოს არ გადავლახავთ. პრეზიდენტს აქვს საშუალება, ამ კუთხით ბოლო პერიოდში მაინც შეიტანოს პოზიტიური როლი, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მან ნეგატიური პიარი აწარმოა ქვეყნის და კონსტიტუციის წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ახალ კონსტიტუციას ეთანხმება უმრავლესობაში შემავალი 5 პარტია, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ვენეციის კომისია.

„მმართველი გუნდი გეგმავს საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანას, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს არა მმართველი გუნდის, არამედ ჩვენი ქვეყნის, იმიტომ საქართველოს ექნება ახალი კონსტიტუცია და მმართველმა გუნდმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ და შეიძლება, კრიტიკის მიზეზიც ეს იყოს. ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველოს აქვს ევროპული სტილის, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა მდინარაძემ.