რუსეთი თანმიმდევრულად მიიჩნევს, რომ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთის შიდა საქმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„რაც შეეხება ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს, მოსკოვის თანმიმდევრული პოზიცია ის არის, რომ აღნიშნული ესპანეთის სამეფოს შიდა საქმეა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
მან ასევე არ მისცა შეფასება კატალონიაში სამართალდამცველების ქმედებებს.
„მოსკოვისთვის მიუღებელია, როდესაც ვინმე რუსეთის სამართალდამცველების მუშაობის მეთოდებს აფასებს“, - დასძინა მან.
კატალონიაში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტუტიციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა.