კატალონიაში რეფერენდუმის დროს მომხდარი არეულობებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში არავითარი ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
კატალონიაში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავებულია 844 ადამიანი.