სამეცნიერო კონფერენცია- „განათლება და ღირებულებები“ გაიმართა

სამეცნიერო კონფერენცია- „განათლება და ღირებულებები“ გაიმართა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის კვირეულის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის ფარგლებში პირველი სამეცნიერო კონფერენცია “ღირებულებები და განათლება” გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო თავი მოეყარა სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლებში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, საშუალება მისცემოდა მეცნიერ–მკვლევარებს და მკვლევარ მასწავლებლებს მოეხდინათ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, კვლევის შედეგების გაცვლას და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

კონფერენციის მონაწილე მკვლევარებს, საშუალება ჰქონდათ მოესმინათ დარგის ცნობილი მეცნიერების პლენარული ლექცია, გაცნობოდნენ თანამედროვე კვლევის მიმართულებებს, კვლევის მეთოდებს და დარგის განვითარების ტენდენციებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წელს განათლების მკვლევარებისთვის პირველი ქართული რეფერირებადი ელექტრონული ჟურნალი „განათლების მეცნიერება“ შექმნა. ცენტრის მიზანია, ახალი გამოცემის შექმნით, ხელი შეუწყოს როგორც განათლების სამეცნიერო კვლევებს, ისე მკვლევარი მასწავლებლების ინტეგრირებას სამეცნიერო სივრცეში. ეს არის კიდევ ერთი ახალი რესურსი და შესაძლებლობა სფეროს მკვლევარებისა და პედაგოგებისთვის.