როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, უნდა გამოვხატოთ ნორმალურად და არა უშვერი სიტყვებითა და ხმამაღალი შეძახილებით

როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, უნდა გამოვხატოთ ნორმალურად და არა უშვერი სიტყვებითა და ხმამაღალი შეძახილებით

როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, ნორმალურად, ადამიანურად და სათანადოდ უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით, ხმამაღალი შეძახილებითა და ასე შემდეგ, - ასე ეხმაურება თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

„როცა საუბარია მიწისქვეშა პარკინგის პროექტზე, ქალაქს ძალიან სჭირდება ასეთი პარკინგები. აუცილებელია, რომ ხელი შევუწყოთ მსგავს პროექტებს და ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება. როცა ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი, ამ განსხვავებული აზრის გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა, გამოხატვა უნდა იყოს ცივილური, წესიერი და არავის აქვს უფლება, საკრებულოს საქმიანობას ხელი შეუშალოს“, - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილს ზონალური სტატუსი შეეცვალა.

საკრებულოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სხდომის გადადებას ითხოვდნენ.

მათი თქმით, არ დაუშვებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიებისთვის საკრებულოს მიწის ნაკვეთები გადაეცა და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეეცვალათ.