ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების მატების გამო კი საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა

ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების მატების გამო კი საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა

ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების მატების გამო კი საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა, - ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას გააკეთა.

“მხოლოდ 4.3 %-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება. აგვისტოში მხოლოდ 4.3%-იანი ზრდა იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა. 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 281 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 5.7% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთ ჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც",- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, გაზის ტარიფის ზრდა რაიონების დიდ ნაწილში მოქალაქეების უმრავლესობას ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს, ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

"ხელისუფლება, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალი “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.