მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატი არის ღირსეული

მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატი არის ღირსეული

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპზეც წარმატების იმედი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა. ამასთან, წულუკიანმა დასძინა, რომ კანდიდატების მოწონება იმას ნიშნავს, რომ შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა, ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურები და კონკურსი ასევე, მათთვის მისაღები იყო.

„როგორც გვქონდა ჩვენ მოლოდინი, შემოდგომაზე სახელმწიფოს მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა ასამბლეის კომიტეტი, დღეს მართლაც გაიმართა ეს გასაუბრებები. კომიტეტი გაესაუბრა საქართველოდან წარდგენილ სამ კანდიდატს, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ კანდიდატების სია იქნა მოწონებული. სიის მოწონების შედეგად, გადაეგზავნა უკვე შემდეგი ეტაპისთვის შესაბამის სტრუქტურებს, ეს ნიშნავს იმას რომ კონკურსის მეორე ეტაპიც წარმატებით დაიხურა ამ სიისთვის და ჩვენ უკვე ოქტომბერში გასავლელი გვექნება კონკურსის მესამე ეტაპი, ვინაიდან დღეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სამპირიანი სია შესაბამისმა კომიტეტმა მოიწონა გასაუბრებების შედეგად. მე მქონდა მოლოდინი, რომ გასაუბრებები შემოდგომაზე შედგებოდა, რადგან პირველ ეტაპს წარმატებით დავხურავდით, ეს მოლოდინი გამართლდა.

რა თქმა უნდა, მაქვს მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი, სამივე კანდიდატი არის ღირსეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ კომისიის ფარგლებში ქვეყნის დონეზე არ შევარჩევდით. ის რომ მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა და მესამე ეტაპზე გადავდივართ ნიშნავს იმას, რომ სიის მოწონებასთან ერთად, შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურები და კონკურსი ასევე იყო მათთვის მისაღები“, - განაცხადა თეა წუკლუკიანმა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესარჩევი მოსამართლეობის კიდევ ორი კანდიდატი მოწონებულია. საუბარია ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავაზე, რომელთა შესარჩევად საქართველოში ხელახალი კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო. ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტში დღეს კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კონკურსის მესამე ეტაპზე მათთან ერთად გადასულია ლადო ჭანტურიაც. კომიტეტის მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან ერთ კანდიდატს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს.