ევროკომისია საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ევროკომისიის ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხით საქართველო საგარეო ვალდებულებების ნაწილის დაფარვას შეძლებს.
"საქართველომ ეკონომიკური რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მაკროეკონომიკური პროგნოზი კვლავ მოწყვლადი/დაუცველია. საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია არაპროგნოზირებად ეკონომიკურ პერსპექტივაზე რეგიონსა და მსოფლიოში, ხოლო მისი საერთაშორისო რეზერვები ჯერ ადეკვატური არ არის, ამის ერთ-ერთი მიზეზი საგარეო ვალიც არის. ამის გათვალისწინებით, გადაწყდა მაკროფინანსური დახმარების გაგრძელების ინიციატივის წამოყენება" - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
როგორც ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს მტკიცედ უჭერს მხარს.
"საქართველო აგრძელებს ეკონომიკის გარდაქმნას, ამიტომ ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, რათა რეფორმები გაგრძელდეს და უფრო მტკიცე და ინკლუზიური ზრადს მივაღწიოთ" - განაცხადა მოსკოვიჩმა.
ახალი მაკრო ეკონომიკური დახმარების პაკეტი, 2017 წლის აპრილში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის თანმხლები იქნება. 45 მილიონ ევროდან, 10 მილიონი გრანტების სახით, ხოლო 35 მილიონი საშუალოვადიანი სესხების სახით გამოიყოფა.
ევროკავშირის დახმარებას საქართველო მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროკომისიის წინადადებას ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი დაამტკიცებენ.