ოპოზიციური პარტიების ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მათ პოლიტიკურ ველზე ტივტივს ემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ჯიშკარიანმა განმარტა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს საკრებულოს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ მიწის გადაცემის საკითხს. ჯიშკარიანის თქმით, დღეს ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთებისთვის ზონის შეცვლის საკითხის განხილვა.
„ოპოზიციას საარჩევნო დღის წესრიგი აქვთ და მხოლოდ და მხოლოდ მათ პოლიტიკურ ველზე ტივტივს ემსახურება უაზრო განცხადებები. ეს მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სხდომაზე ორი მიწის ნაკვეთის ზონის შეცვლის საკითხი განიხილეს და არა ერთ ლარად გასხვისება. განცხადებები, რომ მიწას გადავცემთ და ამ საკითხის დამტკიცებას ვახდენთ, ტყუილია“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ამასთან, დეპუტატმა საკრებულოში პოლიციის მობილიზებაზეც გააკეთა კომენტარი.
„რაც შეეხება პოლიციას, საკრებულოს დარბაზი არ არის შოუების მოსაწყობი ადგილი, საკრებულოს დარბაზი არ არის ალიაქოთის ასატეხი და ქართული პოლიცია რეალურად დგას ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.