მე მგონი სადავო არ არის, რაც ამ დარბაზში ხდება, ეს თავიდან ბოლომდე არის სირცხვილი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც სევდია უგრხელიძემ აღნიშნა, საკრებულოში საკითხების განხილვას აზრი არ აქვს, ამიტომ თქვა უარი მომავალ საკრებულოში ყოფნაზე.
„თქვენ ამას ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება მოგკითხავთ, არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა. ეს დრო დადგება და მე ამაზე ყოველთვის გაფრთხილებდით და გაფრთხილებთ“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მან საკრებულოს უმრავლესობას მიმართა, რომ ყველაფერი, რაც ხდება არის ერთადერთი რამის გამო, რომ მათ ჰგონიათ სამუდამოდ იქნებიან ხელისუფლებაში, თუმცა იქ მარადიულად ვერავინ იქნება.
„ახლა როდესაც მუსირებს ასეთი აზრი, რომ ეს საკითხები სასწრაფოდაა გასატანი, რადგან მერე შეიძლება მოვიდეს სხვა ხელმძღვანელობა, რომელიც ამას აღარ გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობთ, რომ ის სიტუაცია აღარ არის, რაც 2012 წელს გქონდათ“, - განაცხადა უგრეხელიძემ.
განცხადების გაკეთების შემდეგ მან საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვა.