„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვენ. თბილისის საკრებულოში ხმაურისა და დაპირისპირების გამო სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ელენე ხოშტარიას თქმით, არ დაუშვებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.
„გეოლოგიური, სატრანსპორტო დასკვნის გარეშე, ერთ დღეში მოინდომეთ ზონების შეცვლა და ბიძინა ივანიშვილის 40 ჰექტარის ჩუქება და ქალაქის შუა გულში მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. არც ერთ არქიტექტორს არაფერი ჰქონდა მომზადებული, ჩვენ ვნახეთ პროექტი. ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს შემდეგმა საკრებულომ. არ მოგცემთ საშუალებას დაიწყოთ სხდომა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საკრებულოს წევრები დაცვის თანამშრომლებს მოუწოდებენ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინონ იმ ადამიანებს, რომლებიც სხდომის ჩატარებას ხელს უშლიან.