კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი - „საქართველოს ორგანულ კანონში" საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გამოიტანა და სხდომის მონაწილეებს პროექტის მიზანი და ძირითადი არსი გააცნო.
შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანია შრომით ურთიერთობებში დასაქმებულის უფლებებისა და დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა, რაც საკანონმდებლო წინადადების ავტორთა აზრით, სამუშაო დროის რეგულირებისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების მოწესრიგებაში გამოიხატება. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის კოდექსით დადგენილი რეგულაციების შეცვლა, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
ცვლილება ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარის განსაზღვრას და მოქმედი კოდექსიდან იმ ქვეპუნქტის ამოღებას, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად უთითებს „სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების შეწყვეტას.
კომიტეტის წევრთა აზრით, გარკვეული პროფესიების და მდგომარეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნება ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარის განსაზღვრა. იგივე ეხება „გარკვეულ ობიექტურ გარემოებებსაც", ვინაიდან ეს გარემოებები სხვადასხვა სამსახურსა და სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყო. კომიტეტის წევრთა აზრით, მიზანშეუწონელია იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს სხვა ობიექტურ გარემოებას, ვინაიდან ეს ნორმა არ გულისხმობს იმას რომ დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერი მიზეზით, ან უსაფუძვლოდ გაათავისუფლოს პირი სამსახურიდან.
სხდომაზე ასევე გამოითქვა მოსაზრება და ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაც არსებობს, რომ მიზანშეუწონელია შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების ფრაგმენტულად განხორციელება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, წინადადებები სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას გადაეცემა, ვინაიდან უმჯობესია თუ კი მსგავსი წინადადებები და მოსაზრებები ერთიანად, სისტემური მიდგომით განიხილება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დიმიტრი დარჩიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები ისეთ შემთხვევაშიც გავრცელდეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე - დედა კანონიერ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი საქართველოს მოქალაქე ხდება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე იგი დამატებით შესწავლას საჭიროებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო წინადადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნება.