ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება მას პოზიტიური ცვლილებების პროცესში პოზიტიური როლის შესატანად

ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება მას პოზიტიური ცვლილებების პროცესში პოზიტიური როლის შესატანად

ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება მას ამ პოზიტიური ცვლილებების შეტანის პროცესში პოზიტიური როლის განსახორციელებლად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ყველა წინადადებაში არის პოლიტიკური სპეკულაცია და ტყუილი.

„სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რასაც ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვანაირი შეფასება შეუძლებელია პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის იმ განცხადებების, რასაც ორი დღეა ვისმენთ. ვეტო არის გამოსავალი, რომ თავად პრეზიდენტი გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ შევიდა, დაწყებული საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებით და შემდეგ, როდესაც ისეთი საკითხები ჩამოწერა და მოთხოვნები დააყენა, რომელსაც მის გარშემო შემოკრებილი ოპოზიციის გარდა, არავინ დაეთანხმა, მათ შორის, ვენეციის კომისია, რომელიც პირიქით, მიესალმა იმ საკითხების ჩვენეულ გადაწყვეტას, რაზეც პრეზიდენტი აპელირებდა.

ჩვენ ვასრულებთ პირობას, დავეთანხმოთ ვენეციის კომისის მიერ გახმოვანებულ რეკომენდაციებს და ამას პრეზიდენტის ვეტოს საშუალებით თუ ახალი ცვლილებების ინიცირების სახით გავაკეთებთ. ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება მას ამ პოზიტიური ცვლილებების შეტანის პროცესში პოზიტიური როლის განსახორციელებლად. ჩვენ მას ამის შანსი მივეცით, თუმცა ის ამ შანსს იყენებს კამპანიისთვის კონსტიტუციის წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს შესთავაზა უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრის ფორმატი, თუმცა ორი დღის მცვდელობის მიუხედავად, რაიმე თანხომა ვერ მიიღო.

„მივიღეთ მხოლოდ განცხადებები, რომლებიც შეიცავენ პოლიტიკური სპეკულაციის ძალიან ღია ელემენტებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი და ამაზე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და ამაზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრიც. მისივე თქმით, ერთად უნდა დაიწყონ მუშაობა, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ამ რთული ვითარებიდან.