ოპოზიციის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება არაადეკვატურია

ოპოზიციის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება არაადეკვატურია

ოპოზიციური პარტიების შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის შეთავაზება არათანმიმდევრული და არაადეკვატურია.

როგორც ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო პროექტის ცვლილებებისათვის სელექციური ვეტოს დადებას სთავაზობს.

„ამ შეთავაზების სერიოზულად განხილვა არ შეიძლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს იმ მოტივირებული შენიშვნებით დაადებს, რომელიც განხილული იყო სრულიად ოპოზიციურ სპექტრთან ერთად. ეს შეეხება არა მხოლოდ მანდატების მიტაცების საკითხს და ბლოკების ერთჯერადად არსებობას, არამედ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედებას, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ასევე უშიშროების საბჭოსთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა თევდორაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას განცხადებით კი შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტთან ერთად გააკეთეს, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. „დღეს ქვეყანას აქვს ფსევდო კონსტიტუცია, აბსოლუტურად დაუბალანსებელი, ოლიგარქიული მოდელი, რომელიც ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებიდან და აბსოლუტურად არ ესადაგება ჩვენს რეალობას“, - აღნიშნა რურუამ.

მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთავაზობს ვეტო გამოიყენოს ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ორი საკითხის ასახვის მიზნით, ეს ეხება ე.წ. ბონუსური სისტემის გაუქმებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას. „ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს ამ თემაზე პრეზიდენტს შეხვდეს და მასთან მოლაპარაკებები გამართოს. ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.