ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ავიადარტყმის შედეგად ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა

ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ავიადარტყმის შედეგად ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა

ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო ოპერაციის შედეგად ქაბულში ათობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ამის შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალური მოხსენებიდან, რომელიც ელექტრონული ფოსტით ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბ-ბინაში გაიგზავნა, წერს „დოიჩე ველე“.

„ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ჭურვი არასწორად ამოქმედდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ავიაშეტევის შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება.

საჰაერო ოპერაციის სამიზნე ის ჯიჰადისტები იყვნენ, რომლებმაც ქაბულში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის ვიზიტის დროს ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მისამართით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. მოგვიანებით, ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რადიკალურმა დაჯგუფებებმა „თალიბანმა“ და „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღეს.

ავღანეთის პოლიციის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ავიადარტყმა უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით განხორციელდა.