ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებს სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე, გამშვებ პუნქტზე გადასვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ისინი ყოფილ საავადმყოფოში დაბრუნდნენ, თუმცა განმარტავენ, რომ თუკი დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა მათ არ შეხვდება, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში გადავლენ.
„თუ არ მოვა და არ შეგვხვდება ჩილაჩავა, აუცილებლად გადავალთ, დღეს ორნი ვიყავით, მაგრამ უფრო მეტნი ვიქნებით“, - აღნიშნა ნანი შონიამ.
თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, მას დევნილებთან კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს ჰქონია.
„დეკემბერში დასრულდება ორი კორპუსი. გარდა ამისა, ვიწყებთ 6 კორპუსის მშენებლობას. რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები დევნილების მძიმე საცხოვრებელი პირობები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ბინების მიღების დროს, კომისია აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩილაჩავამ.
რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები ორი დევნილი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. ისინი გამშვები პუნქტის გადაკვეთითა და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლით იმუქრებოდნენ. მათი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს.
„თუ ჩვენ ვინმეს ვაშანტაჟებთ, მობრძანდნენ და ნახონ, როგორ მდგომარეობაში ვართ. გადავალთ აფხაზეთში თეთრი დროშით. მირჩევნია, აფხაზეთში ტყვიამ მომკლას, ვიდრე ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობის ქვამ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტარიელ ქობალიამ.