"ქართულ ოცნებას" რომ კონსტიტუციაზე კონსენსუსი სურდეს, ისინი ამ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებდნენ

"ქართულ ოცნებას" რომ კონსტიტუციაზე კონსენსუსი სურდეს, ისინი ამ კონსულტაციებში მიიღებდნენ მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დღეს დაგეგმილ შეხვედრას. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" კონსენსუსი ჰგონია, როცა კობახიძე და თალაკვაძე, ან მდინარაძე და ბესელია შეთანხმდებიან.

ბოკუჩავას თქმით, ეს არ გამოვა, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციასთან მარტოა დარჩენილი.

"მე მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ხელისუფლების მხრიდან ასეთი მითითებები მეტყველებს, რომ მათ არ ესმის რას ნიშნავს ზოგადად ინსტიტუციების დამოუკიდებლობა. მათ ჰგონიათ, რომ პრეზიდენტმა ეს დავალებები უნდა შეასრულოს, ისევე როგორც ასრულებენ ისინი, როცა ბიძინა ივანიშვილი აძლევს დავალებას. ჩემი მოლოდინი არის, რომ ვეტო დაედება მთლიანად კონსტიტუციის პროექტს და არა იმ ამოკრებილ ასპექტებს, რომელზეც კობახიძე საუბრობდა. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კონსტიტუცია არ ამოქმედდეს და არ გახდეს ქვეყნის მთავარი კანონი", - განაცხადა ბოკუჩავამ.