თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის მიმდინარეობა შეაფასა, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.
მინისტრის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთის შსს-მ 68 464 ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. 40 ათასი ოპერაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტების, 25 ათასი - ფეთჰულა გიულენის ტერორისტული მიმდინარეობის, ხოლო 2109 – „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარდა.
სულეიმან სოილუმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში 3,2 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, მათ შორის 330774 - ბანაკებში. მაგრამ თურქეთში ლტოლვილები მხოლოდ სირიიდან არ ჩადიან. კერძოდ, ერაყიდან თურქეთში დაახლოებით 250 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. გარდა ამისა, თურქეთში ასევე ცხოვრობენ ლტოლვილები ავღანეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან და სომალიდან.
„რატომ ირჩევენ ლტოლვილები მაინც და მაინც თურქეთს ან თურქეთის გავლით მარშრუტს - ეს საგარეო პოლიტიკის ცალკე საკითხია. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. შეგახსენებთ, რომ თურქეთში დაახლოებით 4,5 მილიონი ლტოლვილი ჩავიდა“, - დასძინა სულეიმან სოილუმ.