ვამაყობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

ვამაყობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

მე ვამაყობ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ რეგიონული კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თვისობრივად ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ სტანდარტის ამაღლებაში დიდი წვლილი სწორედ იურიდიული დახმარების სამსახურს მიუძღვის.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ამ ძალიან მაღალი დონის რეგიონალურ კონფერენციას იურიდიული დახმარების საკითხების შესახებ. სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. მე ვამაყობ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში თვისობრივად ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რაშიც იურიდიული დახმარების სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იურიდიული დახმარების სამსახური 10 წელია შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია.

„ეს სირთულეები ადამიანის უფლებების დაცვასთან იყო დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც თვისობრივად ამაღლდა საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, მას შემდეგ რაც სასამართლო გათავისუფლდა იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის დიქტატურისგან, გაიზარდა იურიდიული სამსახურის ეფექტიანობა“, - განაცხადა კობახიძემ.

მან პარლამენტის სახელით იურიდიული დახმარების სამსახურს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ინსტიტუციურად იურიდიული დახმარების სამსახური დაკავშირებულია პარლამენტთან. ეს სამსახური არის დამოუკიდებელი, თუმცა აკავშირებს ანგარიშვალდებულება პარლამენტთან . აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულია საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობა იურიდული დახმარების სამსახურის მიმართ. ამ სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა, მოხდება მისი რესურსების სრული განვითარება და იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში“, - განაცხადა კობახიძემ.

იურიდიული სამსახურის ორგანიზებით თბილისში იმართება რეგიონული კონფერენცია დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ.