ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. როგორც ქობულეთის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მეწყერი ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე წუთით მოძრაობა შეზღუდული იყო. მისივე ინფორმაციით, დაიმეწყრა ქობულეთის რამდენიმე სოფელიც.

"წუხელ, მეწყერი ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოწვა. საგზაო დეპარტამენტი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროისათვის გზა გახსნილია. მეწყერული პროცესები სოფელ ქაქუთსა და გოგმაჩაურში დაფიქსირდა, დილიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. სოფელ ლეღვაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, სალუქვაძის ოჯახი იძულებული გახდა, რომ მეზობელთან შეეფარებიათ თავი. ამასთან, სტიქიის გამო სოფელ წყავროკაში, გეოლოგები დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლიან. ამავე სოფელში დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. ძლიერი წვიმის გამო, ცეცხლაური-ჯიხანჯურის გზა ჩაიკეტა. წუხანდელი სტიქიის შედეგად ქობულეთში ექვსი ოჯახი დაზარალდა, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა",- აცხადებს მალხაზ რომანაძე