ყველასთვის აშკარაა, რომ როგორც მხოლოდ უმრავლესობის ორ საკითხზე, ისე ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა საკითხზე შეთანხმების მცდელობა ერთნაირად წარუმატებლობისთვისაა განწირული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ პრეზიდენტის ვეტო მხოლოდ მათ მიერ შეთავაზებული ორი საკითხით ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემოიფარგლება, ისევე, როგორც პრეზიდენტმაც ზუსტად იცის, რომ უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს პრეზიდენტის ვეტოს, თუ მასში უცვლელად იქნება ასახული ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმებული ყველა საკითხი.
„პროდუქტიული კონსულტაციებისკენ გზას გახსნიდა ვეტოს დამდები და ვეტოს გამზიარებელ-დამძლევი მხარეების გაცხადებული მზაობა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე. ჯერჯერობით უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ 2 საკითხზე საუბრობს, ხოლო პრეზიდენტი ზოგადად კონსულტაციებისთვისაა მზად. გარკვეულწილად, ეს გასაგებიცაა. მომქანცველ და წინააღმდეგობებით სავსე კონსტიტუციურ პროცესში ჩართული ყველა მხარის განწყობა/მზაობა ჯერ კიდევ განვლილი მოვლენებითაა დაღდასმული. ურიგო არ იქნებოდა ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიებში რამდენიმედღიანი პაუზის აღება, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ლიდერებისა და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტს ვეტოს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმაო დრო აქვს. დღეისათვის, როდესაც ყველამ ყველას ყველაფერით დავუმტკიცეთ ჩვენი ურყევი პრინციპულობა, უკვე შეიძლება სახელმწიფო საქმეების გაძღოლისთვის აუცილებელი სხვა თვისებებიც გამოვავლინოთ. პრეზიდენტის ვეტო შემდგომი პოლიტიკური პროცესების გასაღებია. ამ გასაღებით შეიძლება კარი გაიღოს ან კარი დაიკეტოს. ცხადია, ეს გასაღები პრეზიდენტის ხელშია, მაგრამ მისი გადატრიალებით კარი გაიღება თუ ჩაიკეტება, არანაკლებაა დამოკიდებული უმრავლესობის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებზე და პასუხისმგებლობის გაზიარების მზაობაზე“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი დღეს კონსულტაციების გამართვას გეგმავს, რომელზეც მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას ეპატიჟება.