საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა შეხვედრის საკუთარ ფორმატს სთავაზობს.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, სთავაზობენ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც, მზად არიან, პირადად აუხსნან პრეზიდენტს მათი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ.
“ჩვენი გუნდის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე ემსახურება მორიგ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც, მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საუბარია იმ საკითხებზე, რომელიც იყო ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმების საგანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი სადავო არ არის და ვენეციის კომისიის გარდა, მას ეთანხმება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ის ნაწილიც კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ახალ კონსტიტუციას“, - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა.