დღეს საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისადა მოსახლეობის, მისი განვითარების საკითხებზე მომუშავე ევროპის საპარლამენტო ფორუმის შეხვედრა გაიმართა, რომელიც, „ევროპის კონტრაცეფციის ატლასს", რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ განათლების საკითხებს მიეძღვნა.
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის, მათი ოჯახების გაძლიერებისა და ცხოვრების უკეთ დაგეგმვისათვის ახალი თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისათვის ამ მიმართულებით ყოვლისმომცველი განათლების მიწოდების გზების ძიება.
ღონისძიება გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპის საპარლამენტო ფორუმს.
შეხვედრაზე ყურადღება რამდენიმე საკითხს დაეთმო. ევროპის კონტრაცეფციის ატლასის პრეზენტაცია და ევროპის ქვეყნების შედარებითი ანალიზი პოლიტიკის სენიორ ოფიცერმა მარინა დავიდაშვილმა გააკეთა. თემაზე - რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში - ისაუბრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა გულნარა შელიამ. თსუ-ის პროფესორ არსენ გვენეტაძის გამოსვლა კი ახალგაზრდების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სარისკო ქცევის შემცირებისათვის მოზარდებში სქესობრივი განათლების როლს დაეთმო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2016-2017 წლებში განხორციელდა 45 ქვეყნის შეფასება, რომლის საფუძველზეც შეიმუშავეს "ევროპის კონტრაცეფციის ატლასი". იგი წარმოადგენს გზამკვლევს ევროპის ქვეყნებისთვის, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები.
აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველოს კონტრაცეპციის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. მიუხედევად იმისა, რომ აბსოლუტური აბორტის რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, მაინც ორჯერ აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა. აღინიშნა, რომ არსებული პრობლემების დაძლევის მნიშვნელოვან გზას განათლებისა და ჯანმრთელობის ინტეგრირებული სტრატეგიის შექმნა წარმოადგენს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრისა და სახალხო დამცველის აპარატების, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელები, დარგის წამყვანი ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
დასასრულ, გაიმართა დისკუსია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, პრობლემების გადაჭრის თაობაზე და შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად იმუშავებენ, ვინაიდან ეს საკითხები კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა იმედი, რომ ევროპის საპარლამენტო ფორუმთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგძელდება.
ღონისძიება გაიმართა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერითა და ასოციაცია „ჰერა XXI" და მოსახლეობის და მისი განვითარების საკითხებზე მომუშავე ევროპის საპარლამენტო ფორუმის ინიციატივით.