საქართველოს, სამუშაო ვიზიტად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვია.
პირველი შეხვედრა სტუმარმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, სოფიო ქაცარავასთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარება ასევე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე, საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ. ასევე, საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ვაპირებთ კიდევ ერთხელ მივიპყროთ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
სოფიო ქაცარავამ და არჩილ თალაკვაძემ კრისტიან ვიგენინს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების პროცესი და კანონის მიღების დამტკიცების პროცედურა გააცნეს.
„საინტერესო შეხვედრა გავმართეთ კრისტიან ვიგენინთან, რომელიც მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს პოლიტიკურ პროგრესს, ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ერთად მოვინახულებთ წეროვანში და თბილისის ზღვის ახალ უბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, რათა სტუმარი უკეთ გაეცნოს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებსა და საარჩევნო ჯანსაღ და დემოკრატიულ გარემოს ასევე, ამ პროცესში. მოქალაქეებისა და მედიის ჩართულობას.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და იმ გარემოზე, რომელიც შექმნილია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების კამპანიის განხორციელებისთვის. ასევე, ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს პარლმენტს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან აქვს. ჩვენ გვაქვს გეგმები და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ეუთოს მხრიდან", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კრისტიან ვიგენინის თქმით, ვიზიტის მიზანია, ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების რეგულარულად გაცნობა. „წინა ვიზიტის დროს, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მონახულებისას, მოწმე გავხდი იმ ცალკეული შემთხვევისა, რომელიც გაყოფილ ოჯახებს ეხება. დაძაბულობა გრძელდება, ადამიანებს აღარ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა, ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ვფიქრობ, უნდა ვიმსჯელოთ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. მე ვინახულებ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და შევხვდები კონფლიქტით შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. ჩვენ არ შეგვიძლია უცებ გადავწყვიტოთ ეს საკითხი პოლიტიკურად, მაგრამ უნდა ჩავდოთ მეტი ძალისხმევა ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში, განსაკუთრებით ზოგიერთი კონკრეტული შემთხვევა, რომლებიც არ საჭიროებენ დიდ ძალისხმევას, მათ მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისგან", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში.
ვიზიტის ფარგლებში, კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან.
კრისტიან ვიგენინისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, სოფიო ქაცარავასთან გამარულ შეხვედრაში დელეგაციის წევრი, არჩილ თალაკვაძე მონაწილეობდა.