კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი მმართველი გუნდის გაუაზრებელი პოლიტიკის და ამიტომ, კონსტიტუციაზე შეტევა, მის დელეგიტიმაციაზე საუბარი ან მისი გამოცხადება ერთი პარტიის დოკუმენტად, არასწორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა განვავასხვავოთ - შეცდომის ჩამდენი პოლიტიკური ძალა და კონსტიტუცია.
"ჩემი პოზიცია ის არის, რომ გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა პროცესის წარმართვა, რათა ამ პროცესში ყველას ჰქონოდა თანამონაწილეობის განცდა და კონსტიტუციას ჰქონოდა მაღალი მხარდაჭერა. მმართველი პარტიის ძალიან სერიოზულ შეცდომებს კონსტიტუცია არ უნდა გადაყვეს. სახელმწიფოს სჭირდება მყარი კონსტიტუციური საფუძველი. ამიტომ, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მმართველი პოლიტიკური ძალის შეცდომები, მათი მხრიდან თვითგარიყულობისკენ გადადგმული ნაბიჯები და კონსტიტუცია. ამ შეცდომებმა თავად კონსტიტუციური საფუძველი არ უნდა შეარყიოს. კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი ამ გაუაზრებელი პოლიტიკის და ამიტომ, კონსტიტუციაზე შეტევა, მის დელეგიტიმაციაზე საუბარი ან მისი გამოცხადება ერთი პარტიის დოკუმენტად, არასწორია. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან შეცდომის ჩამდენი პოლიტიკური ძალა და კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას სჭირდება მათ შორის ისეთი, როგორიც საბოლოოდ იქნება მიღებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.