ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” კონსტიტუციის კანონდარღვევით მიღებაზე საუბრობს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
”გუშინ, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციული ხასიათის ცვლილებისა, არსებით ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში. თუ ორი მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა ”მიწა”, მესამე მოსმენისას წინ ჩაუმატეს სიტყვა - ”სასოფლო-სამეურნეო”, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას. ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი. როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს ჩადიოდნენ. კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყება”, - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, სასოფლო სამეურნეო დანიშნილების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.