საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გმირთა მემორიალთან მოძრაობა ”ერთობა - ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელმაც მოძრაობის წევრებთან ერთად აფხაზეთში ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი ვაშაძის თქმით, გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ ეს არის ძლიერი სახელმწიფო.
”ჩვენ განვითარების პროცესს ვაგვიანებთ. თანამედროვე სამყარო სრულიად სხვაგვარად ვითარდება, ჩვენ კი ამ შანსს ვუშვებთ ხელიდან. ტერიტორიული მთლიანობა თუ გვინდა, ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერ სახელმწიფოთა შორის. ჩვენ უნდა გავიაზროთ საქართველოს ფუნქცია თანამედროვე სამყაროში. ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენი ფუნქცია ჩვენს რეგიონში, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწრაფად აღდგება. მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესს ძალიან სწრაფად დავიწყებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.