საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომლის მიზანს საქართველოს პროკურატურასა და სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში მოქმედი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის, კოორდინატორების ფუნქციებისა და დაზარალებულთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით დაგეგმილი რეფორმების შესახებ. საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის მიზანია დაზარალებულისა და მოწმის ემოციური მხარდაჭერა, მათი უფლებების რეალიზაციის პროცესში დახმარება, შესაბამისი სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციებში გადამისამართება, გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო განხილვისას დაზარალებულის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, მოწვეულმა სტუმრებმა პროკურატურასთან თანამშრომლობის ფორმებსა და იმ სერვისების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც მათი ორგანიზაცია დაზარალებულებს სთავაზობს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს და ორგანიზაციას ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული ფინანსური, ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის.