ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, საჭირო იქნება სირიიდან ჩვენი წარმომადგენლის გამოწვევა.
როგორც მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეალურია, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც არ შეცვლის.
არეშიძის თქმით, "ეს იქნება დამასკოს მადლობა მოსკოვისათვის".
როგორც არეშიძე განმარტავს, სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებით არაფერი იცვლება, რადგან მსოფლიომ იცის, რომ სირია რუსეთის სატელიტია.
თუმცა, ექსპერტის განცხადებით, საქართველოს აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მაინც მართებს.
"პროცესი კომიკურია, მაგრამ ჩვენთვის მაინც არაა სასიამოვნო. შეეცდებიან, ეს თემა გააბუქონ, რადგან ვენესუელას თუ არ ჩავთვლით,
სირია დიდი სახელმწიფოა იმ პატარ-პატარა სახელმწიფოებთან შედარებით, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. პრინციპში, ეს არც არაფერს ცვლის, რადგან სირია არის რუსეთის სატელიტი. სირიის დღევანდელი ხელისუფლებაც სატელიტური ხელისუფლებაა. მსოფლიოსთვის აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებია, რომ ეს არის არა სირიის, არამედ, მოსკოვის ინიციატივა. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუმცა, არასასიამოვნო ფაქტია და ჩვენც შესაბამისი რეაგირება გვმართებს. სირიიდან ჩვენი წარმომადგენლის გამოწვევა იქნება აუცილებლად საჭირო და შესაბამისად, ყველა დონეზე, სადაც სირიის საკითხი იქნება დაყენებული ჩვენ ჩვენი პოზიცია, უარყოფითი დამოკიდებულება გვექნება დღევანდელი, ასადის ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა არეშიძემ.