საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებით, ვოიაჟერს, რომელიც 40 წლის წინ გაუშვეს კოსმოსში და ახლაც 13 მილიარდი მილის დაშორებითაა, დედამიწიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაქვს, მათ შორის ქართული პოლიფინიური მუსიკა ”ჩაკრულო”, - ამის შესახებ იან კელიმ NASA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
”ჩვენ აღვნიშნავთ ვოიაჟერის გაშვებიდან 40-ე წლისთავს. ეს ვოიაჟერი ახლა 13 მილის დაშორებით მდებარეობს და ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც გასცდა ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს. მას დედამიწიდან მიაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს არის არტეფაქტები ჩვენი კულტურის, ცივილიზაციის და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ვოიაჟერში არის ჩანაწერი ქართული პოლიფონიური სიმღერისა ”ჩაკრულო”. მისი არჩევა მოხდა კარლ საგანის მიერ და ჩაწერილია ოქროს ფირფიტაზე. ეს ხაზს უსვამს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს”, - განაცხადა იან კელიმ.
თავის მხრივ, ვოაჟერის პროგრამის ყოფილი მენეჯერი ჯონ კასანი აცხადებს, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მისიების განხორციელება, როგორც იყო ვოიაჟერი და მისია მარსზე.
”ტექნოლოგიები არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ქვეყნისთვის. ძალიან გვიხარია, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიებზე და ინოვაციების განვითარებაზე თავისი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მისიების განხორციელება, როგორიც იყო ვოიაჟერი და მისია მარსზე. რაც შეეხება ”ჩაკრულოს”, ეს სიმღერა მე არ ამირჩევია. მე ავარჩიე კარლ საგანი, პიროვნება, რომელმაც ვოიაჟერისთვის მასალები შეაგროვა”, - განაცხადა ჯონ კასანმა.
NASA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მყოფი მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი ბობ მენინგი აცხადებს, რომ ტექნოპარკი არის განსაცვიფრებელი ადგილი და ეს ადგილი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას.
”პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის განსაცვიფრებელი ადგილი. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. ტექნოლოიგიების და ინოვაციებისთვის აუცილებელია იდეების მოზიდვა და ეს ქმნის საფუძველს, რომ ეს იდეები განვითარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამის გაკეთება ტექნოლიგიებისა და ინოვაციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეს ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ემსახურება სწორედ იდეების შემოსვლას და შემდეგ ამ იდეებზე მუშაობას. ვფიქრობ, ეს მოტივაციას აუმაღლებს ახალგაზრდებს, როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ ”ჩაკრულო”, ქართული პოლიფონიური მუსიკა, დღეს არის კოსმოსში”, - განაცხადა ბობ მენინგმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლგიების სააგენტოს NASA-ს წარმომადგენლები დღეს ესტუმრნენ. ვიზიტი ”ჩაკრულოს” კვირეულის ფარგლებში იმართება, რომელსაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდამჭერით ფონდი ”ნოვა” ახორციელებს. კვირეულის ფარგლებში ტექნოპარკის ტერიტორიაზე ოქროს ჩანაწერის იდეის ავტორის, კარლ საგანის სახელობის ოთახი გაიხსნა.
”ნოვას” ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ კოსმოსში ქართული პოლიფონიური მუსიკის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის პრეზენტაცია 28 სექტემბერს გაიმართება. როგორც ბლუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაკრულოს აქვს საოცარი ისტორია, თუ როგორ მოხვდა ის ოქროს დისკზე.
”საოცარი ისტორია მომიყვა საგანის მეუღლემ, როცა მოისმინეს ”ჩაკრულო”, კითხვაც არ დასმულა, ისე აარჩიეს. რუსეთი ეცადა დაბლოკვას, დარეკეს და უთხრეს საგანს, რომ საქართველო არის საბჭოთა კავშირის ქვეყანა და კოსმოსში არა ”ჩაკრულო”, არამედ ”პადმასკოვსკიე ვეჩერა” უნდა გაიგზავნოსო. ისიც კი იკადრეს, რომ თარგმნეს ჩაკრულოს ტექსტი, სადაც არის სიტყვები ”ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია” აგრესიული სიმღერაა და რატომ ირჩევთო. აქ მთავარი როლი ითამაშა საგანის შეუვალობამ, პრინციპულობამ და ადვილად არ მოექცა მოსკოვის გავლენის ქვეშ. შედევრი წავიდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო”, - განაცხადა რამაზ ბლუაშვილმა.
”ჩაკრულოს” კვირეული მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.