საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში" მოისმინეს დეპუტატებმა საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,4%-ს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო 13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა. 6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 10,9%-ით მეტია. როგორც მომხსენებელმა განმარტა, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 748.2 ათასი ლარი. 8 თვის მდგომარეობით, შემოსული თანხა შეადგენს 6 130 000 .0 ათას ლარს, რაც წლიურად დაგეგმილი მაჩვენებლის 64,5%-ია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, შემოსავლები დაგეგმილია 9 489 000.0 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 6 თვეში მიღებულმა თანხამ 4 671 000.0 ათასი ლარი შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები შესრულებულია გადაჭარბებით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 283 814.2 ათასი ლარი. საგადასახადო შემოსავლების შესრულება შეადგენს 105, 1%.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 284 460.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 8 თვის მდგომარეობით მიღებული სახსრები შეადგენს 208,8 მლნ ლარს. სხვა  შემოსავლებში მობილიზებულია 258,9 მლნ. ლარი რაც წლიური გეგმის    67%-ს აღემატება.

არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებლის წლიური გეგმა 90 მლნ ლარია. 8 თვის განმავლობაში უკვე შემოსულია 63, 3 მლნ ლარი, რაც ნიშნავს, რომ შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 70,5%-ს. ფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულია 51,8 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 60, 9%-ს სეადგენს

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად,  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 11 415 475.0 ათასი ლარით. 6 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 5 326 569.4  ათასი ლარს, რაც 6 თვის დაგეგმილი მაჩვენებლის 95.1%-ია. გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  სამინისტროების მიხედვით შესრულების მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მაღალია.

დეპუტატებმა ცნობად მიიღეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში", რის შემდგომაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ" შეთანხმება სხდომაზე, უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა ნანა ბერიძემ წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების მხარეები, თანამშრომლობენ რა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართალდაცვით, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ საკითხებში, გამოხატავენ ერთმანეთს შორის კონფიდენციალურად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ორმხრივ ინტერესს. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმებით განსაზღვრავენ ერთმანეთს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის არსს, დაცვის ვალდებულებას, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, საიდუმლო ინფორმაციის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს და თავად შეთანხმების მოქმედების წესს.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას. საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფებების ფონზე, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმება აშშ-თან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ნატოს წევრ ქვეყანასთან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე სარატიფიკაციოდ რამდენიმე დოკუმენტი წარადგინა.

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებით, ბანკი საქართველოს დაახლოებით 108,2 მლნ. ევროს სესხის სახით გამოუყოფს, რომლის ხანგრძლივობაა 24 წელია, მათ შორის 13 შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი 14,3 კმ-იანი ახალი ორზოლიანი გზის მშენებლობას მოიცავს, რომელიც გვერდს აუვლის ბათუმს და მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას ქალაქში.

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)" აზიის განვითარების ბანკის მიერ 80 მლნ. აშშ. დოლარის  ოდენობის სესხის 24 წლის ვადით გამოყოფას  ითვალისწინებს. შეღავათიანი პერიოდი 13 წელი იქნება, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი LIBOR-ზე დამოკიდებული.

მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის და  სარკინიგზო სადგურებთან და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელ მისასვლელი გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2021 წელია. პროექტის მიზანია  ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, რეგიონული კავშირების სტიმულირება და ეკონომიკური აქტივობის ზრდა.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბათუმის ავტობუსების პროექტი)" სასესხო შეთანხმების ფარგლებში „ბათუმის ავტობუსების პროექტი" დაფინანსდება, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერიისთვის  ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, 20 დიზელზე მომუშავე და 10 ელექტრო დაბალძირიანი ავტობუსების გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტისთვის EBRD-ი 5,5 მლნ. ევროს სესხის სახით გამოყოფს, ხოლო  აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფონდის მიერ გამოიყოფა 1,5 მლნ. ევრო გრანტის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, მათ შორის 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე. 

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულებით (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)"  ბანკი საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევროს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 30 წელია, მათ შორის 7 წლამდე კი, შეღავათიანი პერიოდი. სესხის საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო მარჟა და ვალუტა თითოეული ტრანშისთვის ტრანშის ჩამორიცხვამდე განისაზღვრება.

აღნიშნული ფინანსური რესურსით იგეგმება დაახლოებით 253 კმ სიგრძის ძირთადი და მეორადი საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებებით:

უბისა-შორაპნის მონაკვეთი

გრიგოლეთი-ფოთი

გრიგოლეთი-ჩოლოქი

რუსთავი-სადახლო

თბილისი-საგარეჯო

საჩხერე-რაჭა

საირმე-აბასთუმანი

რიკოთის გვირაბი

ხევი-უბისა

ძირულა-არგვეთა

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)" მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის 44,6 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 25 წლის ვადით გულისხმობს. აქედან 14 წელი იქნება შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და დამოკიდებული EURIBOR-ზე. აღნიშნული ფინანსური რესურსი სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და დაფინასდება ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ბიზნეს-გარემოს მხარდაჭერას და ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირებას სახელმწიფო ინვესტიციებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი, კიდევ რამდენიმე შეთანხმება განიხილა, რომლებშიც ძირითადად, ტექნიკური ცვლილებები ხორციელდება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა.