გერმანიის საელჩომ პროექტში „ გერმანული მომენტები

გერმანიის საელჩომ პროექტში „ გერმანული მომენტები" სოფო კილაძე წარმოადგინა

გერმანიის საელჩომ საქართველოში პროექტის -  „გერმანული მომენტები"-ფარგლებში წარმოადგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე,  როგორც პიროვნება, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და ძალისხმევით განსაზღვრავს და აგრძელებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს:

„ჩვენს საზაფხულო სერიაში „გერმანული მომენტები" წარმოგიდგენთ პიროვნებებს, რომლებსაც პირადი კონტაქტები აქვთ გერმანიასთან და რომლებიც საკუთარი გამოცდილებითა და ძალისხმევით განსაზღვრავენ და აგრძელებენ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, შესაბამისად ასახავენ საქართველო-გერმანიის წლის სლოგანს „მომავალის მემკვიდრეობა".დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თავისი პირადი „გერმანული მომენტის" შესახებ მოგვითხრობს:

"18 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე გერმანიაში სასწავლებლად წასვლა. დავამთავრე ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტი, გერმანიის უძველესი უნივერსიტეტი, უმდიდრესი ტრადიციებით, სადაც საუკუნეების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მეცნიერებისა და პოლიტიკის მსოფლიო კორიფეები. ასევე, ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტიტუტში.

გერმანიამ მომცა პროფესიული და ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება. იქ გატარებული წლები ჩემს მოგონებაში დარჩა როგორც ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამავდროულად რთული, რადგან ვსწავლობდი და ვმუშაობდი ძალიან ბევრს.

ამ ქვეყანამ მასწავლა, რომ წარმატებას თავდაუზოგავი შრომა და იმ საქმის ერთგულება სჭირდება, რომელსაც აკეთებ. თუმცა, ეს ყველაფერი აუცილებლად დაგიფასდება, რაც მოტივაციას ერთიორად ამაღლებს. გერმანია არის ქვეყანა, სადაც წესრიგი, პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე, სოლიდარობა და ჰუმანურობა საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც არის ეს ქვეყანა ასეთი წარმატებული.

იქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც დამეხმარნენ გამეცნობიერებია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ხალხთა შორის მშვიდობა, მეტწილად დამოკიდებულია ადამიანურ ურთიერთობებზე.

ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება ყოველდღიურად იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ჰქვია",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.