დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლების გაძლიერებისა და გამკაცრების აუცილებლობით, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ასევე საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას პროცესის მეტი მოქნილობისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებით. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, შეიქმნას მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს  კიდევ უფრო ეფექტურად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

კანონი დღეს პირველი მოსმენით განხილვისათვის  წარედგინა კომიტეტს.  კომიტეტის წევრებმა ინიცირებული ცვლილებების მიმართ შენიშვნები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინების გარეშე ისინი პლენარულ სხდომაზე მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტთან მიმართებაში კომიტეტის გადაწყვეტილება, სხდომაზე დაფიქსირებული შენიშვნების გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული.

შენიშვნა გამოითქვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის საკითხთან დაკავშირებით, რის გარეშეც არაპროფილური საქმიანობის 25%-იანი დაშვება ბაზარს დააზიანებს, რაც მათი აზრით მიუღებელია.

დეპუტატები არ იზიარებენ ინიციატივას ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების იმუნიტეტთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელშეუხებლობას, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის აკრძალვას. კომიტეტი არ ეთანხმება ასევე ვალუტის მოვაჭრე სუბიექტებთან მიმართებაში წარმოდგენილ მოტივაციას,  რომელიც ეროვნულ ბანკს უფლებამოსილებას აძლევს განსაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომხმარებლის ინფორმირებისა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი.

შენიშვნა გამოითქვა ფიზიკური პირებისაგან სესხის აღების თემაზეც. რომან კაკულიას თქმით „გვესმის ის გამოცდილება, რაც პირამიდებთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ორივე მხრიდან შევხედოთ მოვლენას და გარკვეული ლეგიტიმური უფლებები არ დავარღვიოთ იმ ადამიანების, რომელსაც ამ შეზღუდვით შეიძლება  შევუზღუდოთ ისეთი საქმიანობა, რომლის უკანაც არავითარი ცუდი არ იდგეს და პირიქით, ეკონომიკის სტიმულირებაშიც მიიღოს მონაწილეობა".

ხანგრძლივი განხილვისა და კონსულტაციების შემდეგ კომიტეტმა იმ დათქმით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, თუ ინიციატორები დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

კომიტეტმა დღეს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა" მოისმინა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დატალურად წარმოადგინა 2017 წლის მაკროეკონომიკური მიმოხილვა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, ასევე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით. მან უპასუხა დეპუტატთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. რის შემდეგაც კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი მიმოხილვა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებებს: „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)" და "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)".